Monday, December 1, 2014

მატარებლები და მგზავრები

წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზემაშინ გადირბენს, როცა არ ელი,
და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი,
აჩემებული და საყვარელი.

მაგრან შენ უკვე ტყუილად ბორგავ,
დამთავრდა ვნება - დარჩა ამბავი..
და სველ აფიშას კითხულობს ქოლგა
და თავისი გზით მიქრის ტრამვაი.

მატარებლები და მგზავრები

წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.
ეს შემოდგომის დღეებიც წავლენ,
ხსოვნას შერჩება ათასში ერთი.
აი, გაივლის სულ ცოტა ხანი,
მეც მოგონებად ვიქცევი შენთვის..
წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.

                                                   1956წ.

ძველი რვეული

     ძველი ლექსების კრემაცია

მე მართალი ვარ ჩემს თავთან ცამდე!
უკვე ეს ქარიც ვერაფერს შეცვლის
და ვუცქერ, როგორ იწციან ცეცხლში
ლექსები - შენ რომ მოგწონდა ადრე.

ასეთი დაჰყვათ ამ ლექსებს ბედი..
და აი, მშვიდად ვზივარ და ვუცქერ
იფერფლებიან ისინი უცებ,
მე კი, სულელი, რა ამბით ვწერდი!

ძველი რვეულები

თითქოს რიკულები სახლის ნეკნებია..
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
სველი, აწოწილი, მოდის ენკენისთვე,
სახლი,მოწყენილი, სადღაც იყურება.
ლამის ჩამოიღონ ზეცა წეროებმა.
სახლი, მოწყენილი სადღაც იყურება.
ერთი ფოთოლიღა იბრძვის კენწეროზე,
სახლი, მოწყენილი სადღაც იყურება.

                                                       1957წ.

ძველი რვეული

დე, მოსახდენი მოხდეს! ახია!
ეს გრძნობა ჩემზე ბევრად დიდია.
აქ სადღაც, ახლოს, შენი სახლია
ზედ ელდის მძიმე ზარი ჰკიდია.

თუ ფიქრობ.. თუმცა, რა საჭიროა,
ესეც ზერელე საუბარია..
მე კვლავ გამეხსნა ძველი ჭრილობა
და ყველაფერი იმის ბრალია.

                                        1955წ.

ძველი რვეული

დღეს სხვანაირი მზე იკბინება,
დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე..
და როიალი თეთრი კბილებით
შეჭმას უპირებს შენს ლამაზ თითებს.

თურმე დახშული მქონია ყური
და გული ჩუმი, ვით კურდღლის სორო,
თურმე ვითმენდი უამრავ სურვილს
და ვერთობოდი ფიქრებით მხოლოდ.
მაგრამ - გათავდა! ღმერთმა ინება,
რომ მეც ამ ქვეყნად ჩემს ყანას ვმკიდე..
დღეს სხვანაირი მზე იკბინება,
დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე.

ძველი რვეული

               მამა

დრო თავისი გზით წავიდა ისევ,
დატოვა ხსოვნა დღისა და ღამის..
მეც გავიზარდე და მერე ვიგრძენ
შეშფოთებული თვალები მამის.

ასე შფოთავენ წყვდიადში ტბები,
ქარიშხალი რომ უნახავთ ბევრი.
ასე ცახცახებს ფრინცელის ფრთები,
ძლივს რომ გააპო წვიმების ტევრი.

მეც ამ შფოთვით და ცახცახით ვცხოვრობ,
თუმცა ჯერ თითქოს არავინ მერჩის:
ეს - ალუბლების ჩრდილია მხოლოდ,
ეს - გაზაფხული ჩურჩულებს ბნელში..

                                                    1955წ.

ძველი რვეული

ცა დადაბლდა. გარეთ უკვე ცივა.
მავთულებში სველი ქარი წივის.
გადიქროლა წეროების მწკრივმა,
სურნელება დამიტოვა წვიმის.
სხვა დრო იყო,როცა ჩემი ჭერიც
ბზრიალებდა.. სხვა დრო იყო მაშინ.
ახლა დამაქვს შემოდგომის ფერი
და ფოთოლი ჩარჩენილი თმაში.

                                               1953წ.

ძველი რვეული

დაცარიელდა უცებ გზაშარა,
მაისის წვიმამ გზა გადასერა:
ჯერ არწივივით ფრთები გაშალა,
მერე ხეებზე ჩამოასვენა.
ეს ჩვენი ბოლო საღამო იყო,
თვალს უეცარი კაწრავდა ელვა,
ქარში ბაირაღს არხევდნენ თითქოს,
ისმოდა წვიმის წვეთების ღელვა.

                                                 1949წ.

Friday, November 28, 2014

რკინის საწოლი

ფიქრს შეუძლია ყველაფერს მისწვდეს,
მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლის იგი
და ახლაც მთვარეს მგელივით მისდევს,
როგორც მთებს აქეთ,ისევ მთებს იქით.
მე ჩემი წილი ყვითელი მთვარე
ჩამოვაფარე ფანჯრებს ფარდებად..
და ისევ რაღაც იწყება გარეთ,
ოთახშიც ისევ რაღაც მთავრდება.
     
                                          1963წ.

რკინის საწოლი

  არაფრით არ გავს ეს დღე გუშინდელს,
  თუმცა ქუჩებში ისევ ქარია,
  ისევ არ ვიცი, რას შევუშინდე,
  რა მტკივა, ანდა რა მიხარია.
  და როგორც სანთლის შუქზე ლანდები,
  დაბარბაცებენ თავში ფიქრები,
  ხვალაც ამ მწარე დღეში ვიქნები
  და ზეგაც.. ვიდრე არ დავმთავრდები...

                                                1963წ.

გულის მეორე მხარეს

ბედნიერი ვარ.მადლობთ.ნახვამდის..
ეს განშორება იმედით მავსებს.
არ მყავდა ღმერთი და ბედს დავყავდი
და თავის ვნებას მახვევდა თავზე.
რაც დღემდე მოხდა,მოხდა თავისით,
მე არაფერში არ ჩავრეულვარ.
დრო კი გაფრინდა და ჯერ არ ვიცი,
რა გამოსტაცა ჩემმა რვეულმა.
რაც დღემდე ითქვა,ქარისთვის ითქვა,
სათქმელს სურვილი სჭარბობდა თქმისა
და ვარსკვლავივით შორეულ მიზანს
ძაღლივით მწარედ უყემდა სიტყვა.
     
                                               
       
                                                         1967წ